დავით უსუფაშვილი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრებს შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტური წევრების შერჩევისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდნენ.
დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს აღნიშნულ საქმიანობაში გამოცხადებული თანხმობისთვის და იმ საქმისთვის, რასაც მეურვის კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს. დავით უსუფაშვილმა კომისიის წევრებს არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინფორმაცია მიაწოდა და ის პროცედურებიც განმარტა, რაც კანდიდატის განაცხადის შემოტანიდან მის საბოლოო არჩევამდე ხორციელდება. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და კანდიდატების განაცხადები 30 მარტამდე მიიღება, ვადის დასრულების შემდეგ კი პარლამენტის სახელზე შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიას გადაეცემა. კომისია 10 დღის ვადაში შეისწავლის კანდიდატების აპლიკაციებს და გასაუბრების შემდეგ პარლამენტს მეურვეობის 12 კანდიდატს წარუდგენს.
შერჩეული კანდიდატებიდან სახალხო დამცველი, საპარლამენტო უმრავლესობა და უმრავლესობის გარეთ არსებული პოლიტიკური ჯგუფები მათთვის მისაღებ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენენ, სადაც მათ საბოლოოდ აირჩევენ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამეურვეო საბჭოში ჩატარებული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან სამი მათგანი ექვსი წლით, ხოლო ერთი კი ოთხი წლის ვადით აირჩევა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ საკონკურსო კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა, რომელზეც კომისიის დებულების პროექტი და კომისიის ხელმძღვანელი, არნოლდ სტეფანიანი იქნა არჩეული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა 16 მარტის პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა. კომისიის წევრებად ზაალ ანჯაფარიძე, ავთანდილ არაბული, პაატა ვეშაპიძე, ნათია კაპანაძე, მაია კობახიძე, პაატა ნაცვლიშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ლელა ხომერიკი და თამაზ ჯოლოგუა დასახელდნენ.
პარლამენტის დადგენილება „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები