ხოდორკოვსკი: რუსეთში მაშინ დავბრუნდები, როდესაც რეჟიმი დაინგრევა

„იუკოსის“ ყოფილმა დირექტორმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ უცხოურ გამოცემა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ის აუცილებლად დაბრუნდებოდა, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, როდესაც რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნგრევა დაიწყებოდა.
“რუსეთში დავბრუნდები მაშინ, როდესაც რეჟიმი ნგრევას დაიწყებს. ახლა კი მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია იმისათვის, რომ როდესაც რეჟიმი ვარდნას დაიწყებს, კოლაფსი სხვაგვარად მოხდეს, რომ არ განმეორდეს 90-იანი წლების დასაწყისში დაშვებული კატასტროფული შეცდომები”, – აღნიშნა ხოდორკოვსკიმ.
ხოდორკოვსკის პროგნოზით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა 10 წელზე ნაკლებ პერიოდში დაინგრევა.
“სიტუაცია ძალიან არასტაბილურია, რადგან პუტინის გარემოცვა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა დარჩება პუტინის შემდეგ. მოდელი, რომელსაც ის ახლა აშენებს, დიდხანს ვერ გაძლებს. 10 წელში, როდესაც ის 70 წელს იქნება გადაცილებული, ხოლო მისი ბიუროკრატები მხოლოდ 40 წლისანი იქნებიან, ის ლოიალობის კრიზისის წინაშე დადგება”, – მიიჩნევს მიხაილ ხოდორკოვსკი.
“იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ამ ხელისუფლებამ “ბევრი ცუდი რამ” ჩაიდინა და სასამართლო პროცესი ელის, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა მტკიცებულება. ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ ყველას გასამართლება ვერ მოხერხდება.
“ჩვენ შევთავაზებდით მათ ამნისტიის შესახებ შეთანხმების გაფორმებას იმ პირობით, რომ ისინი სახელმწიფო თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ და ქონების დაბრუნების ვალდებულებას აიღებენ”, – აღნიშნავს ხოდორკოვსკი.
ამავე დროს, ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ პირადად ის სასამართლო დევნის წინააღმდეგია. “ჩვენს ისტორიაში ეს საკმარისად იყო”, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთში 2003 წელს დააკავეს და მხოლოდ 10- წლიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. მას გადასახადების გადაუხდელობასა და სახელმწიფო ქონების მიტაცებას ედავებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები