შემოსავლების სამსახური "თი-ვი ემ-არის" ბუღალტერს უჩივის
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რეიტინგების დამთვლელი კომპანიის ბუღალტერს უჩივის. უწყება “თი-ვი ემ-არის” თანამშრომლის სამართალდამრღვევად გამოცხადებასა და მის დაჯარიმებას ითხოვს. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ მიზეზი კომპანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ინვენტარიზაციაა, რა დროსაც ბუღალტერმა, მოთხოვნის მიუხედავად, უწყებას დოკუმენტაცია სრულად არ გადასცა. სასამართლო დავას უსაფუძვლოდ მიიჩნევს “თი-ვი ემ-არის” ხელმძღვანელობა, რომელიც ამბობს, რომ ბუღალტერს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა. მენეჯმენტის მტკიცებით, შემოსავლების სამსახური “თი-ვი ემ-არისგან” იმ ოჯახების კონფიდენციალურ სიას ითხოვდა, სადაც რეიტინგების დასადგენად ე.წ. ფიფლმეტრებია დამონტაჟებული. მტკიცებულებების უკეთ გაცნობის მიზნით სასამართლოში დაგეგმილი დღევანდელი სხდომა 28 მარტამდე გადაიდო.