მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა 5 საათზე დაიწყება
თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 17.00 საათზე დაიწყება – ამის შესახებ „კვირას“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა. მისი თქმით, მის გარდა უწყებაში დაკითხვაზე დაბარებულები არიან: თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი. როგორც აკაკი ჯოხაძემ „კვირას“ განუცხადა, ის საგამოძიებო სამსახურში ადვოკატთან ერთად გამოცხადდება. თუმცა, მან „კვირას“ არ გაუმხილა, რა საქმეზე უნდა მისცეს ჩვენება.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე უკვე რამდენჯერმე ვიმყოფებოდი. თუმცა, ვერ გაგიმხელთ, კონკრეტულად სისხლის სამართლის რომელ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ხელწერილი მაქვს დადებული, რომ ინფორმაცია არ გავახმაურო“, – აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ირაკლი აბესაძე, აკაკი ჯოხაძე და თამარ მათიაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ. რა საქმეზე იბარებენ მათ საგამოძებო სამსახურში, არ ხმაურდება.