„ფარული კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს პირები, თუმცა მალე გაათავისუფლეს“ (ვიდეო)
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პირადი ცხოვრების ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებიდან მალევე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს დანაშაულან შემხებლობა არ ჰქონდათ, ისინი გაათავისუფლეს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, პროკურატურა დანაშაულს ახალი, დასავლური მეთოდებით ებრძვის. წულუკიანის თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში უდანაშაულოს დამნაშავედ წარმოჩენა ვერ მოხდება.„ძალოვანი სტრუქტურები (მინდა მათ სასარგებლოდ ვთქვა ეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ ვხელმძღვანელობ დიდი ხანია) ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იყვნენ ეფექტურები და, მართლაც, დასავლური სტანდარტებით ებრძოლონ დანაშაულს. ალბათ არ მიწყენენ, ძალიან ზოგადად, მაგრამ მაინც ვიტყვი იმას, რაც თავად არ უთქვამთ, რომ როგორც კი პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა, რამდენიმე საათში იქნა დაკავებული რამდენიმე ადამიანი, მაგრამ როგორც კი დადგინდა, რომ მათ ამ კადრებთან შემხებლობა არ ჰქონდათ, ისინი გაათავისუფლეს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეჭვი არ ეპარებოდეს.
დიახ, პროკურატურა ებრძვის დანაშაულს, მაგრამ ებრძვის ახალი მეთოდებით. დანაშაულთან ახალი მეთოდებით ბრძოლა, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ როდესაც უნდა დაიცვა ადამიანის უფლებები, უდანაშაულოს დამნაშავედ წარმოჩენა ვერ მოხდება ამ ხელისუფლების პირობებში, ამიტომ მხოლოდ გუშინ გამოვიდა გარეთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც მტკიცებულებები შეგროვდა, ვის წინააღმდეგაც არ შეგროვდა, ისინი როგორც დააკავეს, ისე გაათავისუფლეს და დაუბრუნდნენ ოჯახებს – ეს არის ის ახალი სტილი, რომლითაც ეს ხელისუფლება ებრძვის დანაშაულს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ფარული კადრების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.