„ჩვენება გაუპატიურების მუქარით დამაწერინეს“ – ფოტოგრაფები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ

   ფოტოგრაფების ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე აღიარებითი ჩვენება გაუპატიურების მუქარით მიმაცემინეს, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. ფოტოგრაფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, მისი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის შესახებ საუბრობს და ფოტოგრაფების საქმის შემკვეთი ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისგებას ითხოვს.
როგორც აბდალაძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, გრიფით საიდუმლო, ძირითადად, იმ საქმეებს ედებოდა, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო შეთითხნილი. ფოტოგრაფის განცხადებით, მან დღემდე არ იცის, თუ რა დევს მის საქმეში მისი „აღიარებითი“ ჩვენების გარდა.
„გრიფით საიდუმლო, ძირითადად, ედებოდა იმ საქმეებს, რომლებიც შეთითხნილი იყო. მე ჩემი „აღიარებითი ჩვენების“ გარდა დღემდე არ ვიცი, რა დევს ჩემს საქმეში. ჩემი აღიარებითი ჩვენება გაუპატიურების მუქარით მოიპოვეს. მე არ ვითხოვ დაბალი რგოლის წარმომადგენლების უშუალოდ იმ შემსრულებლების დასჯას, რომლებიც საკანში „გვაკაჩავებდნენ“. მე ვითხოვ, დაისაჯონ მაღალი ეშელონების ის პირები, რომლებმაც დაგემეს და შეუკვეთეს ეს ყველაფერი. ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები შეკრულები იყვნენ და ამ საქმეს თითხნიდნენ. ამის დამამტკიცებელი მათივე გადაღებული ვიდეომასალები არსებობს და დადგება დრო, როცა ეს ყველაფერი საჯარო გახდება. უტიაშვილი და ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. უტიაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ფიგურირებდა იმ სატელეფონო საუბრებში, რომელიც გამოქვეყნდა და რომელშიც ჩვენზე საუბრობენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ხიზანიშვილი და სააკაშვილი. ამ საქმეზე უამრავი ადამიანი დაიკითხება. ჯაშუშობის ბრალდებით თითქმის ყველა საქმე ერთი ხელწერით არის გაკეთებული. ყველა ჩვენგანი, ვინც ჯაშუშობაში ვიყავით ბრალდებული, მომხრე ვართ და ვითხოვთ, რომ ჯაშოშობის საქმეებს გრიფი მოეხსნას, ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი“,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
ფოტოგრაფი იხსენებს, რომ დაკავებული ფოტოგრაფების საკანში ყოფნა სრულად აისახებოდა ვიდეოფირებზე. აბდალაძის თქმით, გადაღებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს ისიც, თუ როგორ ახდენდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინათ.
„არსებობს დამამტკიცებელი სრული ვიდემასალა, რომელიც ჩვენსავე საკნებშია გადაღებული. ჩემი ძილიც კი ასახულია მასზე. კადრებშია ისიც, თუ როგორ ახდენდნენ საკანში ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი თავად გადაიღეს და ეს მასალები თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ინახება. მათ ჩვენი საქმე, სავარაუდოდ, ვინმეს დასაშინებლად ან რაიმეს გადასაფარად დასჭირდათ. სასაცილოც კია, რომ ჩვენ ვიღაც სამმა ფოტოგრაფმა რაღაც საიდუმლო სტენოგრამები მოვიპარეთ და რომელიმე ქვეყანას გადავეცით“,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
აბდალაძის მიერ საქმის ერთ-ერთ დამკვეთად დასახელებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ფოტოგრაფის მოთხოვნას იზიარებს და საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვს. უტიაშვილი აბდალაძისა და საქმეში არსებული სხვა ფოტოგრაფების ბრალეულობაში დარწმუნებულია და უჭირს გარკვევა, თუ რას ერჩის მას აბდალაძე.
„ვუერთდები აბდალაძის მოთხოვნას. მე მხარს ვუჭერ, რომ საქმე გასაჯაროვდეს. ძალიან კარგი მოთხოვნაა. არაფერი მანდ დასამალი არ არის. გახსნას ყველაფერი. ასე ლაპარაკობს ეგ წლებია. აბდალაძის თქმით, მთელი საქართველო ჩემი ჩათვლით მის წინააღმდეგ იყო შეკრული. ჩემთვის ეს საქმე კითხვებს არ ბადებს და მე ვიცი, რომ ის დამნაშავე იყო. ხომ არის ხალხი, რომ ზოგი ვის ერჩის, ზოგი – ვის და მეც ხომ უნდა მერჩოდეს ვინმე“?- განაცხადა შოთა უტიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ “პრაიმტაიმის” ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი გიორგი აბდალაძე, ევროპის “პრესფოტო სააგენტოს” ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და სააგენტო “ასოშიეითედ პრესის” ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი დააკავა. აივაზოვი დაკავების დღესვე გაათავისუფლეს. ორი დღის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს ნათია გედენიძეც. გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძესა და ირაკლი გედენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო.

ცირა შერგელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები