ჯამალაშვილის მეუღლე: შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ და მანქანაც მუდმივად დამყვებოდა

დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე, თეა ჯამალაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება სახლში არ მომხდარა და ის ქუჩაში დააკავეს.
როგორც თეა ჯამალაშვილი აცხადებს, გამომძიებლებმა სახლიდან მისი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და სამუშაო დისკები წაიღეს. ჯამალაშვილის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს საცხოვრებელ სახლთან ორი ადამიანი უთვალთვალებდა.
“სახლში არ დააკავეს, არ ვიცი, სად დააკავეს. ჩემთვის არავის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. სახლიდან წაიღეს მხოლოდ ჩემი პირადი ნივთები, პირადი მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და სამუშაო დისკები. ჩემს პირად ნივთებს რა კავშირი აქვს ჩემს მეუღლესთან, ისიც არ ვიცი. და, საერთოდ, ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა, მე თვითონ შოკში ვარ და არ ვიცი, რა უნდა ვილაპარაკო, მაგრამ მე დავადგენ იმ ფაქტს, რომ ჩემი ქმარი ამ ყველაფერში აბსოლუტურად უდანაშაულოა.
არ ვიცი, სად მოხდა მისი დაკავება, მე ვიცი, რომ ის აიყვანეს ქუჩიდან, როცა ერთამანეთს დავშორდით. თვალთვალი შევამჩნიე ბოლოს, მაგრამ რასთან დაკავშირებით უნდა ეთვალთვალათ ჩემთვის, უცნობია. ქალაქის სამმართველოსთან ვიყავით ბოლოს მე და ჩემი მეუღლე გუშინ და შევამჩნიე, რომ ორი ადამიანი მითვალთვალებდა და მანქანაც მუდმივად დამყვებოდა. ჩემს სახლთანაც იდგნენ მუდმივად და რატომ იდგნენ, საქმის კურსში არ ვიყავი”,- განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.
ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები