„ფარული ჩანაწერების გავრცელებაში პასუხი ჰამერბერგმა და არასამთავრობოებმა უნდა აგონ“

ნიკოლოზ მჟავანაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ გამოძიების ჩატარების უფლება სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამერბერგმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ მისცეს.
როგორც მჟავანაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოჩანაწერები მომავალშიც გავრცელდეს.
“არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ ძალუძს, რომ აღკვეთოს ამა თუ იმ კადრების გავრცელება ინტერნეტში. ავიღოთ თუნდაც „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ინტერნეტში ათავსებს ტყვეების სიკვდილით დასჯის კადრებს. მთელი ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ, ამ კადრების გავრცელებაში ხელი შეუშალონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. კაცობრიობას ჯერ არ მოუგონებია სისტემა, რომელიც ინტერნეტში ვინმეს კადრების ატვირთვაში შეუშლიდა ხელს“, – განაცხადა მჟავანაძემ.
უფლებადამცველი ევროკავშირის წარმომადგენელს თომას ჰამერბერგს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მათ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ.
“მას შემდეგ, რაც ამ პირების შესახებ გახდა ცნობილი, მათ განადგურება-არგანადგურებაზე დაიწყო დავა, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, ვიყავით მე და კახა კახიშვილი. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების წინააღმდეგი იყო იმჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. კადრების განადგურება მოითხოვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგმაც. ამბობდნენ, ეს კადრები უკანონოდ არის მოპოვებული და არ შეიძლება, რომ მათზე გამოძიება დაიწყოსო“, – განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები