გელა ნიკოლაიშვილი: ამ კადრების გავრცელება სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხმაურება.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც ნიკოლაიშვილმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ამ საქმის გამოძიება “თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს”, რადგან მომხდარის გამოძიება თითქმის შეუძლებელია.
“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომ არსებობდა, ვიცოდი 2013 წელს, თუმცა, დანამდვილებით, რა თქმა უნდა, იმის თქმა არ შემიძლია, როდისაა გადაღებული. ეს შეიძლება იყოს 2012, ან 2011 წელი.
ჩემთვის ცნობილია, რომ ეს კადრები მეხსიერების ბარათით ხელიდან ხელში გადადიოდა. უნდა თქვა, რომ როდესაც მსგავსი სახის ვიდეომასალა ვრცელდება, ისმის კითხვა, ვის რა ხელს აძლევს ამგვარი კადრების გავრცელება.
არ შემიძლია კონკრეტულად ვთქვა ვის ხელში შეიძლება მოხვედრილიყო ეს კადრები. რადგან, მე ჩემი არაერთი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ეს ვიდეოები ნანახი ჰქონდა, ესენი არიან რიგითი ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ არც პოლიტიკასთან და არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
არ გამოვრიცხავ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელი კადრების გავრცელება სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, რადგან მისი გავრცელება აუცილებლად ხელისუფლებას დაბრალდება.
ყველა ვარიანტში ხელისუფლება ზარალდება, რადგან კადრების გავრცელების საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაშიც, დარტყმის ქვეშ ის დადგება.
მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის გამოძიება თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს, რადგანაც საქმის გამოძიება 99 პროცენტით შეუძლებელია.
ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს, რადგან გუშინ შევხედეთ, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას ყველაფერ ამაზე. საზოგადოების კრიტიკა კადრების გამავრცელებლებისკენ უფრო იყო მიმართული და მათ, ვისაც სხვა მიზანი ჰქონდათ, არ გაუმართლათ”,- აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, მისივე თქმით, ერთ-ერთი სააგენტოს მიმართ აგორებული კრიტიკა არასწორია.
“აქვე მინდა დავამატო, რომ არასწორად მიმაჩნია „აიპიენი“-ს მისამართით გამოთქმული ამდენი კრიტიკა. მათ ბოდიში მოიხადეს და მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს, მაგრამ ხელშეკრულებების გაწყვეტა და ამგვარად მათზე ჯოხის გადამტვრევა არასწორია”, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა “კვირასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები