ირაკლი ოქრუაშვილი: “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული პრეტენზიები წამოვაყენო

საქართველოში არსებულ რამდენიმე ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მე გამაჩნია საკმაოდ საფუძვლიანი, ლეგალური, დასაბუთებული პრეტენზიები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, მოვა დრო როდესაც ამ პრტენზიებს გააჟღერებს.
“მე ვერიდები ამ თემაზე საუბარს საკმაოდ დიდი ხანია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური წვლილი მაქვს შეტანილი ამ ტელეკომპანიაში. პირდაპირი მოთხოვნის უფლებით მე მეკუთვნის ამ ტელეკომპანიაში გარკვეული წილი, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, არ ვისაუბრებ… გარკვეული მოვლენების განვითარების შედეგად ან გარკვეული დროის შემდეგ, მოვა დრო, როცა მე ამაზე ვისაუბრებ და ჩემი პრეტენზიები იქნება გაცხადებული, მაგრამ ახლა ერთმანეთში გაარკვიონ, დალაგდნენ, მე დისონანსს ვერ შევიტან მათ ურთიერთობებში“, – აცხადებს ოქრუაშვილი.
მისივე აზრით, მრავალ ტელევიზიაში მას დიდი წვლილი მიუძღვის და ლეგალური, დასაბუთებული პრეტენზიები გააჩნია.
“არა არამარტო ”მაესტროსთან”, არამედ მე რამდენჯერმე მითქვამს, რომ საქართველოში არსებულ რამდენიმე ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მე გამაჩნია საკმაოდ საფუძვლიანი, ლეგალური, დასაბუთებული პრეტენზიები. მე ამ ტელეკომპანიების ფუნქციონირებაში, მოქმედებაში, გარკვეული წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი და შესაბამისად, გარკვეული პრეტენზიები გამაჩნია, რომელიც საჯაროდ გაცხადებული არ არის, მაგრამ შეიძლება, გაცხადდეს ხვალ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
სხვა ტელევიზიებში მან “რუსთავი 2” დაასახელა.
“ეს არის “რუსთავი 2“ და “რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში შეიძლება გარკვეული პრეტენზიები იყოს წამოყენებული“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები