პროფესორის აზრით, გიორგი გაფრინდაშვილისა და სტუდენტების შეხვედრა აუცილებელია

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პრფესორი, ნინო დურგლიშვილი მიიჩნევს, რომ სასურველია, თსუ-ის სტუდენტებსა და გიორგი გაფრინდაშვილს შორის შეხვედრა გაიმართოს.
დურგლიშვილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მართვის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, რომლის მიხედვითაც თსუ-ს სტუდენტებმა საკუთარი პროტესტი უნდა დააფიქსირონ.
„უნივერსიტეტის პედაგოგი ვარ და ყველა სტუდენტის წუხილი არის საგანგაშო და იმის მანიშნებელი, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს უნივერსიტეტის მართვის სამართლებრივი მექანიზმები – ან უნდა ვცნოთ, რომ ეს მექანიზმები არაეფექტურია, რის გამოც სტუდენტთა ნაწილი იძულებული ხდება, ბრძოლის არაფორმალურ და არასამართლებრივ გზებს მიმართოს. ჩემთვის ეს ყველაფერი არის გზავნილი, რომ უნდა გადაიხედოს უნივერსიტეტის მმართველობის მექანიზმები; უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია სტუდენტებთან, თუნდაც, მათი მოთხოვნა უსამართლო იყოს. მიზეზები უნდა გამოვლინდეს, რომელიც მათში აგრესიას იწვევს. საუბარი იმაზე, რომ ერთი ადამიანი უნივერსიტეტში არ იქნება და ამის გამო, მშვიდობა დამყარდება, არასწორია. სამწუხაროდ, ეს არ არის უნივერსიტეტში პირველი შემთხვევა. მანამდეც, ერთ კანიდატს ასევე არაფორმალური გზით აიძულეს, კანდიდატობაზე უარი ეთქვა“, – განუცხადა „პირWელს“ დურგლიშვილმა.
რაც შეეხება თსუ-ის სტუდენტების მოთხოვნას, რომლის თანახმად გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერის პოზიციაზე მისი კანდიდატურა უნდა მოხსნას, ლექტორი აცხადებს, რომ სტუდენტები იყენებენ ნებისმიერ შემთხვევას, რათა პროტესტი გამოხატონ და ამ შემთხვევაში, მიზეზი გიორგი გაფრინდაშვილი აღმოჩნდა.
„ყოველთვის არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერ სტრუქტურაში აჟიოტაჟი შექმნან. ის კონკრეტული ბრალდება, რომლის თანახმად 2011 წლის შეხვედრაზე, გიორგი გაფრინდაშვილი ძაბავდა სიტუაციას, არის სიცრუე. ის ცდილობდა, სიტუაციის სტაბილიზებას და სტუდენტების დამშვიდებას. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, არაფერი ვიცი, მაგრამ
აქ საუბარია იმაზე, რომ გიორგი გაფრინდაშვილი კი არ არის ყველაფერში მთავარი, მთავარია ის, რომ სტრუდენტები იყენებენ ნებისმიერ შემთხვევას, რომ პროტესტი გამოხატონ და ამ შემთხვევაში, ეს აღმოჩნდა გიორგი გაფრინდაშვილი. შეწუხებული ადამიანი ნებისმიერი ძალისთვის ადვილი სამართავია“, – განაცხადა დურგლიშვილმა.
თსუ-ს ლექტორი მიიჩნევს, რომ სიტუაციის დასტაბილურებისთვის ადმინისტრაცია ფორმალურად და იურიდიულად, სწორი მექანიზმებით უნდა ჩაერიოს.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებას, სადაც ის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, დურგლიშვილი აცხადებს, რომ სასუვრელია, შეხვედრა გაიმართოს და მას ნეიტრალურად განწყობილი პირები დაესწრონ.
„ცუდია არაა, თუ აქციის მონაწილეებსა და გიორგი გაფრინდაშვილს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას უნდა დაესწროს ნეიტრალური, მაგალითად, ჩემსავით განწყობილი პირი. უნივერსიტეტი ფორმალური კანონებით უნდა იმართებოდეს და სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი იძულებული არ უნდა იყოს, პროტესტის გამოსახატად არაფორმალურ გზებს მიმართავდეს; ვერ დაინახოს ამის მიღწევის ფორმალური მხარეები. უნივერსიტეტის მართვის ეს ფორმალური მექანიზმები უნდა გაუმჯობესდეს“, – განუცხადა „პირWელს“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო დურგლიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე, საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.
სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები