“გიორგი გაფრინდაშვილს უნივერსიტეტში იცნობენ, როგორც პატიოსან ადამიანს”

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
მისი თქმით, კანცლერობის კანდიდატს, გიორგი გაფრინდაშვილს უნივერსიტეტში იცნობენ, როგორც პატიოსან ადამიანს და თუკი სტუდენტებს რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა, მათ საშუალება ჰქონდათ, კანცლერობის არჩევნების წინა პერიოდში, როცა გაფრინდაშვილი სტუდენტებს ხვდებოდა, კითხვები უშუალოდ მისთვის დაესვათ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
„კანცლერობის კანდიდატები შეხვდნენ ფაკულტეტის წარმომადგენლებს, შეხვდნენ სტუდენტებს, დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა პროცესი. იგივე სტუდენტური საზოგადოება, რომელიც დღეს პროტესტით გამოდის, თავის დროზე, როდესაც კანცლერობის კანდიდატებს ხვდებოდა, ეს კითხვები შეეძლოთ, დაესვათ მისთვის და მათზე სრულყოფილი პასუხი მიეღოთ. გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტებს ხვდებოდა და ესაუბრებოდა მათ, თუ როგორ ხედავდა უნივერსიტეტის განვითარებას. ეს სიუჟეტი, რომელზეც აპელირებენ, დიდი ხნისაა და იმის თქმა, რომ ეს აქამდე არ იცოდნენ სტუდენტებმა, არ იქნება სწორი“,- განაცხადა მორის შალიკაშვილმა.
მისი თქმით, სტუდია „მონიტორის “მიერ გარკვეული სიუჟეტი იქნა თვითმართველობასთან დაკავშირებით მომზადებული, სადაც გიორგი გაფრინდაშვილიც ჩანს, თუმცა მას, როგორც იურისტს, მტკიცებულებების გარეშე მის ბრალეულობაზე საუბარი არ შეუძლია.
„თუ მტკიცებულებები არ გაქვს, ბრალდება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს წაუყენო, ეს ეჭვი, რომ გიორგი გაფრინდაშვილი შეიძლებოდა ჩართული ყოფილიყო ძალადობრივ საქმიანობებში, ჩვენთვის ცნობილი არ არის. გიორგი გაფრინდაშვილს ვიცნობთ, როგორც პატიოსან ახალგაზრდას. 4 წლის განმავლობაში ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო, ჩვენ მასთან ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა საუნივერსიტეტო პრობლემების მოსაგვარებლად. გიორგი გაფრინდაშვილს არა მარტო ჩვენი იურიული ფაკულტეტი უჭერს მხარს, არამედ სხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებიც მხარს უჭერენ“,- აღნიშნა შალიკაშვილმა.
რაც შეეხება გაფრინდაშვილის სტუდენტებთან შეხვედრის საჭიროებას, შალიკაშვილის თქმით, გუშინ რომ გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტებთან გამოჩენილიყო, იყო შანსი, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო და საქმე ფიზიკურ ან მინიმუმ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაზრდილიყო.
„საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. უნივერსიტეტი არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ნებისმიერი ხასიათის ძალმომრეობას ჰქონდეს ადგილი“, – აღნიშნა შალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები