თსუ-ს პროფესორი: გარკვეულ ადამიანებს გამიზნულად სურთ, რომ უნივერსიტეტის რეპუტაცია შებღალონ

აკადემიური საბჭოს პროფესორი გიორგი გალდავა თსუ-ს უნივერსიტეტში ბოლო რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ხელოვნურად პროვოცირებულს მიიჩნევს.
მისი განცხადებით, სტუდენტების მხრიდან გაფრინდაშვილის კანდიდატურის გაპროტესტება მაშინ უფრო მართებული იქნებოდა, როდესაც უნივერსიტეტში საარჩევნო აგიტაციები მიმდინარეობდა და არა ახლა, როდესაც გაფრინდაშვილის კანცლერის პოზიციაზე მხოლოდ წარდგენა და დანიშვნა იყო დარჩენილი.
„გაფრინდაშვილთან დაკავშირებული მოვლენები დადგმული სპექტაკლის ნაწილი მგონია. ეს არის გათამაშებული, რადგან სამი თვეა მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი: საბუთების შემოტანა და ა.შ.
ჩვენ გვქონდა გასაუბრება ყველა კანდიდატთან, ყველა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. ის, რაც ხდება, რომ დაწყებულიყო გაცილებით ადრე, ვგულისხმობ აგიტაციის პერიოდს, მაშინ ეს პროცესი უფრო ლოგიკური და ბუნებრივი იქნებოდა. სტუდენტების თუნდაც მცირე ჯგუფს რომ ეთქვა, რომ გაფრინდაშვილი იყო უღირსი და მან რამე დააშავა, ეს იქნებოდა მისაღებიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ სამი თვის განმავლობაში არაფერი ყოფილა. უფრო მეტიც, მან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც აკადემიური პერსონალის მხრიდან, ასევე სტუდენტების და საბჭოს წევრების მხრიდანაც“,-აცხადებს გალდავა.
შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გარკვეული ძალების მიმართ იყოს პროვოცირებული, გალდავა აცხადებს, რომ სრულებით შესაძლებელია, თუმცა თუ ვინ დგას ამ ძალების უკან, მისთვის უცნობია.
„მე არ ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ვერ გეტყვით, თუ ვის მიერ შეიძლება იყო პროვოცირებული და ვინ შეიძლება იდგეს ამ პროცესების მიღმა. ჩვენზე, პროფესორებზე ისიც თქვეს, თითქოს სადღაც, გლდანში ან დიღომში ვიყოთ და საკმარის ინფორმაციას არ ვფლობდეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მიგვიჩნევენ უნივერსიტეტის სრულუფლებიან წევრებად. მათ სურთ, რომ უნივერსიტეტში გამიზნულად გამოიწვიონ არეულობა და ყველასთვის საყვარელ უნივერსიტეტს რეპუტაცია შეუბღალონ“,-განმარტა გალდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები