აპირებს თუ არა ლადო პაპავა გადადგომას – თსუ-ს რექტორი მისი გეგმების შესახებ საუბრობს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, – ამის შესახებ პაპავამ განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განმარტებით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც კანცლერიც კი არ არის არჩეული, უნივერსიტეტი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, ამიტომაც პაპავა გადადგომის რაიმე შესაძლებლობას არ განიხილავს.
„მე გადადგომას არ ვგეგმავ. დღეს უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ვითარებაა, არ არის კანცლერი, ახლა რექტორის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი საერთო მმართველობის გარეშე დარჩება. ძალიან რთული ჩანაწერია კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, რექტორის გადადგომის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი, მთელმა უნივერსიტეტმა რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიოს, ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება. უნდა გამოცხადდეს კონკურსი, მას უნდა მოჰყვეს მოსმენები, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები… პროცედურები შეიძლება 2 თვემდე გაგრძელდეს და მთელი ამ დროის განმავლობაში უნივერსიტეტი იქნება ხელმძღვანელის გარეშე. ამიტომაც მე რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას არ განვიხილავ, თუმცა ეს პროცესები მიმართულია იქეთკენ, რომ რექტორი აიძულონ, გადადგეს“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები