დავით ნარმანია დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს დედაქალაქის მერიის საქმიანობის 2015 წლის ანგარიში წარუდგინა, ასევე გააცნო 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო სექტორისთვის.
„საკმაოდ დატვირთული სამუშაო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ პროგრამებზე, რომელიც ბიზნესისათვის საინტერესო და აქტუალურია. განსაკუთრებით, აქცენტს ვაკეთებთ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობაზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შეუძლია ერთობლივად განახორციელოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები. გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, მაგალითად, მრავალსართულიანი პარკინგის პროექტი, ავტობუსის 800 ახალი გაჩერებისა და სხვა ბევრი პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია. შეხვედრაზე მოვისმინეთ ბიზნესმენთა მოსაზრებები გარკვეული მიმართულების დახვეწასთან დაკავშირებით. ამასთან, გავაცანით ჩვენი რეფორმები და ის მიდგომები, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ქალაქში მშენებლობების, ინფრასტრუქტურული და სხვა მიმართულების პროექტების განხორციელებისას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის – „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ – ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები