პროკურატურაში პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „ადგილობრივი საბჭო“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი მოდელის მიხედვით შეიქმნა, რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს. მის განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები მონაწილეობენ. საბჭოში გაწევრიანებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
მათივე ცნობით, „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციაა, განიხილოს რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა, მიიღოს გადაწყვეტილებები რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეიმუშაოს ინიციატივები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დასახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმა.
„ადგილობრივი საბჭო“ მიზნად ისახავს ასევე საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენების გააქტიურებას. პროექტი პილოტურად აჭარის რეგიონში განხორციელდება. 11 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში დაგეგმილია პროექტის „ადგილობრივი საბჭოს“ პრეზენტაცია, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ლევან პაქსაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები