საკრებულოში ხუთივე მოწვევის საკრებულოს წევრ ქალბატონებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთივე მოწვევის საკრებულოს წევრ ქალბატონებს უმასპინძლეს. შეხვედრა „ქალები დედაქალაქის თვითმმართველობაში“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილისა და საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის ინიციატივით გაიმართა და მას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე და 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ქალი წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს გულიკო ზუმბაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მიმართეს. მათ შეხვედრაში მონაწილეობისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადეს და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
გულიკო ზუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს 1998 წლიდან დღემდე თბილისის საკრებულოს შემადგენლობაში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი დეპუტატი ქალი მეხუთე მოწვევის (2014 წლის) საკრებულოშია – საკრებულოს წევრთა 24%. ასევე კომისიის თავმჯდომარემ სტუმრებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი გააცნო.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მოწვეულმა სტუმრებმა მოქმედ საკრებულოს წევრებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს, მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა კი მათ მოქმედი საკრებულოს სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს მოქმედი და ყოფილი საკრებულოს წევრებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები