დავით უსუფაშვილი: ტელეკომპანია “მაესტროს” დაებედა, რომ სულ რაღაც “შარშია”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტელეკომპანია “მაესტროს” დაებედა, რომ სულ რაღაც “შარშია”.
როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სულ გაურკვეველი და მოუგვარებელი საკითხები იყო მის გარშემო. უსუფაშვილის თქმით, ყველა დაინტერესებულია, რომ მედიასაშუალებებს ჰქონდეს ძალიან მყარი საფუძველი, როგორც სამართლებრივი, ისე ფინანსური, პარტნიორული, ჟურნალისტური ხარისხის კუთხით. “იშვიათია მედიაკომპანია, რომელიც რაღაც ეტაპის განმავლობაში რაიმე ტიპის ან მსგავს დავებში არ ყოფილიყო ჩაძირული. ეს ხან მესაკუთრეებს უკავშირდებოდა, ხან შიდა კიდევ სხვა ურთიერთობებს. ვისურვებდი, რომ ეს მალე დასრულდეს და ნებისმიერი სადავო საკითხი ცივილიზებული გზით და წესით მოგვარდეს. ყველა ბიზნესში, სადაც საქმე გვაქვს მეწილეებთან, ინვესტიციებთან, წილების გაყიდვასთან, ყიდვასთან და ასე შემდეგ, გარკვეული გაუგებრობები მოსალოდნელია. ეს გაუგებრობები არ არის ხოლმე მედიასპეციფიკური – ზოგადად, არსებობს ხოლმე გაუგებრობები. გაუგებრობები უნდა მოგვარდეს, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და სწრაფად, დადგენილი წესებით. ნებისმიერი სხვა უფრო მეტი ჩარევა ჩემი მხრიდან ან ხელისუფლების მხრიდან, შეფასებები, რომ ეს მხარე უფრო მართალია, ეს მხარე – ნაკლებად მართალი, ეს კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მედიასაშუალებას ეხება საქმე. ამიტომ მინდა ვისურვო და მინდა ვთხოვო, მივმართო ყველა იმ სახელმწიფო თანამდებობის პირს – იქნება ეს მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი და სხვა კონკრეტულ სახელისუფლები წარმომადგენლები, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით ამ საქმესთან აქვს შეხება, თავიანთი გადაწყვეტილებები მიიღონ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში და არა გახანგრძლივებულ ვადებში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს კარგად დასაბუთებული, კარგად ჩამოყალიბებული და ახსნილი.
“ზოგადად, მედიასაშუალებას აქვს ძალა იმისა, რომ ამა თუ იმ საკითხზე აქცენტი გააკეთოს “აქეთ” ან “იქეთ”. ერთმა მედიამ – აქეთ, მეორემ – იქით და ასე შემდეგ. არ უნდა დაექვემდებარონ არანაირ ასეთ განწყობებს საზოგადოებაში. მე უფრო მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს, იმიტომაც, რომ არა მხოლოდ ტელეკომპანია “მაესტროა” ჩემთვის ახლო მოვლენა, არამედ ის ადამიანები, ვინც ახლა კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. რამდენიმე წლის წინ, მე ამ ადამიანებთან როგორც ერთ, ძალიან შეკრულ, მეგობრულ გუნდთან მქონდა ურთიერთობა, შემდეგ ურთიერთობები ასეთი აქტიური აღარ მქონია, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ხალხი ერთ გუნდად და ერთ მუშტად შეკრული იღვწოდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში და ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. სამწუხაროდ, ამ ტიპის დავებს ამ ტიპის ურთიერთობებიც ეწირება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები