თინათინ ხიდაშელმა დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი წარუდგინა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბსა და II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სენაკში წარუდგინა.
თავდაცვის მინისტრმა ახალ სარდალს წარმატებები უსურვა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, სახმელეთო ჯარების ორ სარდლობად დაყოფის შესახებ, რაც მიზნად ისახავს გენერალური შტაბის სტრატეგიული დონის მმართველობად ჩამოყალიბებას, შეიარაღებულ ძალებში შემავალი ქვედანაყოფების ფუნქციების დეზენტრალიზაციასა და ბიუროკრატიული მართვის შემცირებას.
„ჯარში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი ტრანფორმაციის პროცესი, რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში შევიდა. ბევრი სიახლე გვექნება, ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომლის შედეგებსაც ამ თვეების განმავლობაში ნახავს ქართული საზოგადოება. მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნის მთავარსარდალს, რომ ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების შექმნის შესახებ. ეს ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს. დასავლეთის სარდლად ძალიან ღირსეული სამხედრო მოსამსახურე – პოლკოვნიკი ჯაბახიძე წარვადგინეთ. მას მიღებული აქვს ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; ასევე აქვს საველე მეთაურობის გრძელი ისტორია. მთავარი ამოცანა ძალიან მარტივია – მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატიული მართვა და ბრიგადებისთვის უფლებამოსილების მატებით რაც შეიძლება მეტი დეცენტრალიზაცია მოხდეს.
რაც უფრო ძლიერი იქნება ბრიგადა, რაც უფრო ძლიერი იქნება ბრიგადის მეთაური, მისი სამეთაურო თვისებებიც, მისი ლიდერობის შესაძლებლობაც უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენი ამოცანაა, ქართული ჯარი იყოს სწორედ ასეთი ლიდერების ნაკრები, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში არ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
წარდგენის შემდეგ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმა, პირველ რიგში, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1999 წლიდან მსახურობს. სარდლად დანიშვნამდე ის IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა და შავნაბადას ბატალიონში ომის დამთავრებამდე იბრძოდა. 2006-2007 წლებში კი, ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. ძიუდოს საკავშირო ტურნირის მრავალგზის პრიზიორმა და ჩემპიონმა, სამბოში საქართველოს ჩემპიონმა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ომის დასრულების შემდეგ სპორტული კარიერა საბერძნეთში გააგრძელა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისევ შეიარაღებული ძალებს დაუბრუნდა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმში ჩაირიცხა. რიგითი ჯარისკაციდან ოფიცრობამდე ჯაბახიძემ სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკურ ფაკულტეტებზე, გაიარა კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო-საშტაბო კურსები (CGSC). 2004 წელს სწავლა გააგრძელა აშშ-ის არმიის სკოლაში. 2008 წელს ლიტვის სამხედრო აკდემიაში, გერმანიაში სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ეროვნულ ცენტრში, ხოლო შვედეთში გაეროს შტაბის ოფიცერთა კურსზე. პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები – I, II და III ხარისხი; მედლები ,,გენერალი კვინიტაძე”, ,,გენერალი მაზნიაშვილი”, ,,სამშობლოსათვის თავდადებული”; ასევე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და აშშ-ის მედლები საბრძოლო დამსახურებისათვის 2006 და 2007 წლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები