მაკა ასათიანი: “მაესტროს” წილი ჩვენ მიერ არ იყიდება“

სტუდია „მაესტროს“ ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი და მისი მეუღლე კოტე გოგელია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ სკანდალთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი „მაესტროს“ არ ყიდიან. წყვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია.
“მაესტროს” მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა, ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე. მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება “მაესტროს” წილის გაყიდვის თაობაზე. “მაესტროს” წილი ჩვენ მიერ არ იყიდება. პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია. პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად. “მაესტრო” დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არცერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა. “მაესტროს” კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის“, – აღნიშნულია მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები