ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროში“ შეშვებაზე უარს აცხადებს
“მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გენერალური დირექტორია, უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ “მაესტროში” ლევან გაჩეჩილაძეს ის არ შეუშვებს.
“საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ ვაფასებ, ვინაიდან მე სამი საჩივარი და ერთი განცხადება მაქვს შეტანილი და ეს ყურად არ იღო რეესტრმა. ძალიან საინტერესოა, რატომ მიიღო ნაჩქარევად ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი. მე ამას შევაფასებდი, როგორც დავას ხელისუფლებასა და ტელევიზიას შორის, შესაბამისად, თუ რომელიმე საჯარო სტრუქტურა უკანონო ქმედებას ახორციელებს, ეს არის ხელისუფლების ჩართულობა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისივე თქმით, „მაესტროს“ დირექციას სხვა ფართში მოუწევთ განთავსება, რადგან „მაესტროს“ შენობაში ის მათ არ შეუშვებს, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ძალის გამოყენებას არ შეეცდებიან.
„რაც შეეხება ლევანის მოსვლას, მან კარგად იცის, რომ ეს შენობა არ ეკუთვნის „მაესტროს”. შესაბამისად, მას ალბათ ნაფიქრი აქვს ალტერნატიულ ფართზე, სადაც ალბათ მათი დირექცია განთავსდება, ხოლო თუ ის შენობაში ძალით შემოსვლას შეეცდება, ეს იქნება უკანონო შეჭრა სხვის საკუთრებაში”, – აღნიშნა გადაბაძემ და დასძინა, რომ “მაესტროს” მოქმედი შემადგენლობა რჩება შენობაში და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.