გია ხუხაშვილი: აქცია “არა გაზპრომს” დროსა და სივრცეში აცდენილი იყო
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით „გაზპრომის“ წინააღმდეგ დღეს გამართული აქცია დროსა და სივრცეში აცდენილი იყო.
„დღევანდელი აქცია დროსა და სივრცეში იყო აცდენილი. დღეს ეს თემა იმდენად აქტუალური არ არის, რომ საპროტესტო აქცია გამართულიყო. ენერეგეტიკის სამინისტროსთან შეიძლება კითხვები არსებობდეს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს აქცია იყო აცდენა. ყველა ცდილობს საკუთარ დამსახურებაზე ისაუბროს და პოლიტიკური ქულები დაიწეროს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა“. კულისებში რა ხდებოდა მოლაპარაკებების დროს რთული სათქმელია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მივიღებთ დამატებითი მოცულობის გაზს, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მე უბრალოდ არ მესმის, როდესაც ზოგიერთი „ახლადგამომცხვარი“ ექსპერტი ამბობს, რომ რაღაც განსაკუთრებულად წარმატებული იყო ენერგეტიკის სამინისტროს მოღვაწეობა ამ პერიოდში. მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ჩვენს თხოვნაზე აზერბაიჯანი შემხვედრი მოძრაობით არ წამოსულიყო“, – განუცხადა “კვირას“ გია ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს აქციის დამატებითი თემებით გამრავალფეროვნებას შეეცადნენ.
“ვინაიდან “გაზპრომის“ თემამ აქტუალობა დაკარგა, ისინი შეეცადნენ ნადეჟდა სავჩენკოს თემის წამოწევით ტემპერატურა გაეზარდათ, და მსგავის თემების აქტუალიზაცია მოხდა, ესეც ტექნოლოგიის ნაწილია და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია „არა გაზპრომს“ ხალხის მცირე რაოდეობის გამო ჩაიშალა. აქცია ცოცხალი ჯაჭვის სახით კანცელარიიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე უნდა გამართულიყო. ჯაჭვი ვერ შედგა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჯგუფმა აქცია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა.