კახა კალაძე: საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მომავალი წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ემუქრება

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასდროს გაკეთებულა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანს არ აქვს შესაბამისი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რომ საქართველოს მიაწოდოს. როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, არსებობდა ტექნიკური პრობლემა. ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, რომ დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს საქართველო შაჰდენიზის მილსადენის საშუალებით მიიღებს.
კალაძის თქმით, საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მომავალი წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ემუქრება.
“აქ ტექნიკური პრობლემა იყო, რომელთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პირადად მე ბევრს ვსაუბრობდით, ასევე საუბრობდა კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელობა, რომ არსებობდა ტექნიკური პრობლემა. მილსადენს, საიდანაც ბუნებრივ აირს ვიღებთ, აქვს გარკვეული მოცულობის გატარების შესაძლებლობა და იმაზე მეტს ტექნიკურად ვერ გაატარებს. ჩვენ გვაქვს სეზონური დისბალანსი – ანუ ზამთრის თვეებში გვაქვს ბუნებრივი აირის უფრო მეტი მოხმარება, ხოლო ზაფხულში – ნაკლები.ამიტომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რათა დამატებითი მოცულობის შემოტანა მომხდარიყო”, – განაცხადა კალაძემ, რომლის რაც შეეხება კომპანია “გაზპრომის” თემას და მასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, კალაძის თქმით, “გაზპრომთან” შეთანხებაზე ხელი მოწერილი არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, ქართული მხარის შეთავაზებაა, შენარჩუნდეს ის ძველი ფორმატი, რომელიც ტრანზიტის საფასურად გაზის 10%-ის მიღებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარს” შორის ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები