„იმედს ვიტოვებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე გამოძიების კონკრეტული შედეგები მალე დაიდება“

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საქმის გამოძიების პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, ალექსი პეტრიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია. მან გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა ექიმებს, პრემიერსა და შს მინისტრს და იმედი გამოთქვა, რომ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირი დროულად დაისჯება.
„ალექსი პეტრიაშვილი იმყოფება ჩვეულებივ პალატაში, მას უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ რაც შეიძლება ეფექტიანად ემოქმედათ, რათა ალექსის სიცოცხლეს არ დამუქრებოდა საფრთხე. ამ ეტაპზე მისი დაკითხვის პირველი ნაწილი შედგა, თუმცა დაკითხვა არ დასრულებულა, ფორმალურად ის ხვალ ან ზეგ დასრულდება. დღეს მას აუღეს სისხლის და დნმ-ის სინჯი. დღესდღეისობით ყველა ადამიანი, რომელიც რაიმე კავშირში იმყოფება ამ დანაშაულთან და მიაჩნია, რომ რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს გამოძიებისთვის, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდიან.
ჩვენ მოხარულები ვართ იმ გულისხმიერებისთვის, რომელიც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოიჩინეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგები მალე დაიდება. ყველა დამნაშავე, ვისაც ამ დანაშაულთან კავშირი აქვს, უნდა დაისაჯოს. ამ დანაშაულს ძალიან დიდი რეზონანსი გააჩნდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დანაშაული ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ მასზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება კვალიფიკაციას, ჩიქოვანის განცხადებით, დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეცვლილა, მაგრამ, მისივე თქმით, შინაგან საქმეთა ორგანოები პარტიის წევრებს არწმუნებენ, რომ ბრალის წაყენების დროს შესაძლებელია დანაშაული გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები