გია ჟორჟოლიანი: პრემიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ უნდა მოერიდოს

პრემიერმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაცხადა, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს.
„რასაკვირველია, პრემიერმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაცხადა, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს და როცა პრემიერი საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს და ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს. პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელსაც ვითარება უკარნახებს და ეს გადაწყვეტილებები იქნება მთავრობის ერთიანი კურსის განხორციელებისთვის საჭირო“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოების ერთ ნაწილში წარმოდგენაა, რომ ევროპისკენ ინტეგრაცია ეროვნული ღირებულებების განვითარებას ეწინააღმდეგება, რასაც ჟორჟოლიანი არ იზიარებს.
„ევროპასთან ინტეგრაციის კურსი არ ნიშნავს ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ჩვენს კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობით ქვეყნის მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ და არა უაპელაციოდ რაღაცების გადმოღება, რაც არც ჩვენი ამოცანაა, არც ევროპაა და არც ევროპული ღირებულებები. საზოგადოების ერთ ნაწილში წარმოდგენაა, რომ ევროპისკენ ინტეგრაცია ეროვნული ღირებულებების განვითარებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს პირიქითაა“, – ამბობს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები