საბურთალოს რაიონის გამგეობა დიღომში წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში წყალსადენის დაზიანებისა და საცხოვრებელი კორპუსების დატბორვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საბურთალოს რაიონის გამგეობა მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელობას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” აკისრებს.
აღნიშნულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება 3 მარტს, 07:00 საათზე შევიდა. ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” „ცხელ ხაზს“, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს. ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”.
საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს.
შეგახსენებთ, ცენტრალური წყალდენი მელიქ სურხავის ქუჩაზე გამთენიისას დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ბრიგადები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბა ოპერატიულად დაიწყეს. მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიასა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში პარკირებული ავტომობილები. კომპანია “ჯივიპის” წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სადაზღვევო კომპანია ვითარებას შეისწავლის და შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები