ზურაბ ტყემალაძე – მთავრობაში ცვლილებების შემთხვევაში, „მრეწველები“ ისტერიკის გარეშე დატოვებენ კოალიციას
„მრეწველების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობაში მოხდება ცვლილებები და „მრეწეველებს“ მოუწევთ კოალიციის დატოვება, ისინი ყოველგვარი „ისტერიკის“ გარეშე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ამ განცხადებით, ტყემალაძე პრემიერის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა. ის ეთანხმება კვირიკაშვილს და აცხადებს, რომ ჯარის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მართლაც, მიუღებელია. მისი თქმით, თუ დაპირისპირებული პარტიების მიმართ რამე ღონისძიება გატარდა, ეს ორივე პარტიას უნდა შეეხოს.
„მინდა დავეთანხო პრემიერს იმაში, რომ ვინ დაიწყო, როგორ დაიწყო, თავისთავად, ჩანს ამ განცხადებიდანაც, დავეთანხმო იმაში, რომ ჯარის პოლიტიზება და ამ საკითხში ჩართვა ნამდვილად არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება თავდაცვის მინისტრისგან მსგავსი განცხადებების გაკეთება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კოალიციის ლიდერმა, ჩვენ მას დავემორჩილებით, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ, ორივეს მიმართ უნდა იყოს და არა ერთის მიმართ. მინიშნებაც თუ იქნება იმის შესახებ, რომ ჩვენ კოალიციისთვის ზედმეტი ვართ, უხმოდ და ყოველგვარი ისტერიკის გარეშე მივიღებთ გადაწყვეტილებას, განსხვავებით ყველა იმ პარტიისგან, ვინც ისტერიკას მართავს“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ