თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო. ამასთან, საგამოძიებო უწყება დათა ახალაიას ადვოკატების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ პროკურატურამ თათუხაშვილი გაიტაცა, უარყოფს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მხრიდან მიმდინარეობს პროკურატურის დისკრედიტაცია.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ შ.თათუხაშვილის საკუთარ სახლში გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უსწრაფესად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. ამავდროულად, გვინდა მოკლე განმარტება გავაკეთოთ დ.ახალაიას ადვოკატების მხრიდან შ.თათუხაშვილის ირგვლივ მედიის საშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე მის ვითომდა გატაცებასთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი მიზნად ისახავენ პროკურატურის დისკრედიტაციას. 2014 წლის 24 თებერვალს, ქ.თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანემტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი მის მიერვე წარმოდგენილი ორი ადვოკატის თანდასწრებით. დაკითხვის შემდგომ, იმ მოტივით, რომ მან გამოძიებას მისცა დ.ახალაიას, ლ.ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები და მის სიცოცხლეს შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, შ.თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. მისი სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა.
გარდა ამისა, შალვა თათუხაშვილი დამატებით დაკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა ქ.თბილისის პროკურატურაში, რის თაობაზეც შესაბამისი უწყება ჩაბარდა მის ძმას მიხეილ თათუხაშვილს და 2014 წლის 18 მარტს სათანადო პროცესუალური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მოხდა მისი მოწმედ განმეორებით დაკითხვა. შალვა თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და რომ მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში.
მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შ.თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად თავად შალვა თათუხაშვილისა და სხვათა გამოკითხვებიდან დადგინდა, რომ შ.თათუხაშვილის გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის გატაცებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ამდენად, დ.ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაავრცელოს დეზინფორმაცია თითქოსდა შალვა თათუხაშვილი სამართალდამცავების მიერ იყო გატაცებული.
აღნიშნული აბსურდული ბრალდებები არის ტყუილი და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.