თეა წულუკიანი: გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს
ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც პაპუაშვილმა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილს დაბალი ქულა კომისიის წევრების უმრავლესობამ დაუწერა.
“მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ-ახალი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა. მე მესმის, რომ მას მალე უმთავრდება მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოში, მე მესმის, რომ მას ძალიან უნდა იყოს სტრასბურგში მოსამართლე, მაგრამ მე რომც არ დამეწერა მისთვის დაბალი ქულა, კომისიის ყველა წევრმა ერთის გამოკლებით მას დაუწერა ძალიან დაბალი ქულა.
გიორგი პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული ბინა მიიღო და გარეთ დატოვა ორი თუ სამი არასრუწლოვანი ბავშვი.
მან თქვა, რომ დისკომფორტი მაინც და მაინც ვერ ექნებოდა. ასეთ ადამიანებს მე მაღალ ქულებს არ ვუწერ. თუ გაბრაზებულია, მოიგონებს ზღაპრებს, ეს მისი უფლებაა”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია – ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.