საქართველოს საელჩომ კიევში სამვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა – პროკურატურა საელჩოს საქმიანობით ინტერესდება

„საქართველოს მთავარი პროკურატურა უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქმიანობით ინტერესდება“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაში წერია, საქმე ეხება საელჩოს ტერიტორიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართულ მხარეს 49 -წლიანი იჯარით გადმოეცა, თუმცა წლების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიის ძირითად ნაწილზე საელჩოს ნაცვლად სასტუმრო აშენდა. აღნიშნული თემით კი პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეამოწმა და კონკრეტული დარღვევა აღმოაჩინა.
„საქართველოს საელჩომ კიევში სამვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა“, – ამ სათაურით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაშიც გამოჩნდა.
უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე მისი დიპლომატიური მისიის მიერ კიევში ბიზნესსაქმიანობას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სასტუმროს გახსნა იმავე საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლითაც თავის დროზე საქართველოს საელჩო აშენდა.
მისივე მტკიცებით, სასტუმროდან დიპლომატიური მისია არანაირ სარგებელს არ იღებს, გარდა იმისა, რომ საელჩოს მშენებლობაში საქართველოს ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა. გამოცემის ინფორმაციით კი, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ზარალი ადგება საქართველოს ბიუჯეტს საელჩოს კუთვნილი ფართის გადმოუცემლობით. ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩისა და საელჩოს თანამშროლებისთვის საკმაოდ სოლიდური ქირის გადახდა უწევს. ახლა სწორედ პროკურატურა არკვევს, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა აღნიშნული თანხები და რატომ არ აშენდა საელჩოს წარმომადგენლებისთვის საცხოვრებელი ფართები, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები