ეკა ბესელია “ნაციონალურ მოძრაობას” მათი მმართველობის დროს გამოუძიებელ 50-ზე მეტი საქმის ჩამონათვალს უგზავნის
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ 56 საქმეს, რომლებიც, პარტიის ინფორმაციით, ამ დრომდე გამოუძიებელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ბესელია “ნაციონალურ მოძრაობას” მათი მმართველობის პერიოდში გამოუძიებელ 50-ზე მეტი საქმის ჩამონათვალს უგზავნის და პასუხს ითხოვს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრემიერისთვის გაგზავნილ საქმეებში “ბევრი უზუსტობა და ტყუილია”.
“მე მათთვის შევარჩიე 50-ზე მეტი გახმაურებული, მძიმე საქმე, რომლებსაც ვუგზავნი მათ და ვითხოვ პასუხს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის განმარტებით, მის მიერ შეგროვილი საქმეები 2005-2012 წლებში მომხდარ “ყველაზე მძიმე და სისტემურ დანაშაულებს მოიცავს”.
ბესელიამ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაგზავნილ ჩამონათვალში შედის ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ე.წ. კორტებისა და ნავთლუღის სპეცოპერაციების, თეთრაძის, კრიალაშვილის, როინ შავაძის, ასევე 2008 წლის ომის შემდეგ გაუჩინარებული რამდენიმე ადამიანის საქმე, ასევე “2005-2006 წლებში ლიკვიდირებული 33 პირი”.
“ეს საქმეები არ იყო გამოძიებული “ნაციონალური მოძრაობის” დროს. ამ ფონზე კი დღეს ეს პარტია ხელოვნურად შექმნილ და აბსურდულ ჩამონათვალს უგზავნის პრემიერს, მას უსვამს შეკითხვებს საჯაროდ და ითხოვს პასუხს”, – აღნიშნა ბესელიამ.