“მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებისგან არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ არ დაიბარებენ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას.
“მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც არაერთმა ჩემმა თანაგუნდელმა უკვე აღნიშნა. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არის დაბარებული მოწმის სტატუსით. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ არ დაიბარებენ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და ასეა ჩვენთანაც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2014 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს. პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა დგას.
“2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით; 2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე; პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია ,,მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე; 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. მუხროვანის ამბოხებისათვის ძებნილი პირების: კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ. ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე; 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი“-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე. 2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ. ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე“ უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე. 2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაცემის ფაქტზე. 2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ“ ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.