მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები პროკურატურაში გადაიგზავნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებს პროკურატურაში გადააგზავნის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ლევან მურუსიძემ საბჭოს წევრებს მის მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგები გააცნო. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდა ტესტებისა და კაზუსების სავარაუდო გაჟონვა, შესაბამისად, მასალები გადაიგზავნება პროკურატურაში.
“საბჭოს წევრებს გავაცანი აღნიშნული დასკვნა. ითქვა, რომ საქმე გვაქვს ტესტებისა და კაზუსების სავარაუდო გაჟონვასთან, შესაბამისად, ჩემი მხრიდან დადგა წინადადება, რომ აღნიშნული მოკვლევის შედეგები გადაიგზავნოს პროკურატურაში. საბჭოს გადაწყვეტილებით ეს მასალები, რომელიც მოიცავს ნაშრომებს და ტესტირების დარბაზებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, პროკურატურაში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება”, – განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრები მზად არიან პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის.
“საბჭოს წევრებს თეორიულადაც არ ჰქონიათ შესხება ტესტებთან და კაზუსებთან. ისინი მზად არიან პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის და პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ კითხვას პასუხს გასცემენ”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები