„სახელმწიფო ბრალდება ცდილობს, ე.წ. კორტების საქმე და იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე ერთმანეთს დაუკავშიროს“

„სახელმწიფო ბრალდება ცდილობს, ე.წ. კორტების საქმე და იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე ერთმანეთს დაუკავშიროს“,- აღნიშნული განცხადება იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადვოკატის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით მოხდა კორტების საქმეზე დაკავებული ფირცხალავას და ცააძის დნმ-ის სინჯების აღება, თუმცა, როგორც გამოძიებით დადგინდა, ფალიაზე აღმოჩენილი დნმ ცააძისა და ფირცხალავას დნმ-ებს არ დაემთხვა.
ფალიაზე არსებობს კიდევ ერთი დნმ, რომლის მფლობელიც ამ დრომდე არ გამოკვეთილა. ადვოკატი ეჭვობს, რომ ეს დაუდგენელი დნმ შესაძლოა, სწორედ ვაზაგაშვილის მკვლელს ეკუთვნოდეს.
„გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ კორტების საქმეში მონაწილე პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან და დღეს სასჯელს იხდიან, კონკრეტულად, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე ვითომ მონაწილეები იყვნენ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, ამიტომაც მოხდა მათთვის დნმ-ის სინჯების აღება. ეს აბსურდული ვერსიაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ სოსანაშვილს და ფირცხალავას უბრალოდ პოლიციური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ფალიაზე დნმ-ის კვალი არ დაემთხვა არც ირაკლი ფირცხალავას და არც გიორგი ცააძის დნმ-ს.
სახელმწიფო ბრალდებამ, ჯობია, ყურადღება მიაქციოს მეორე დნმ-ის კვალს, რომელსაც ასე გაფაციცებით ეძებენ აშშ-სა და საფრანგეთში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის სავსებით უდანაშაულო. ზუსტად იმ ექსპერტებმა, რომლებმაც ჩაატარეს დნმ-ის კვლევა, ცალსახად დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბიოლოგიური კონტაქტის შედეგად შესაძლებელია ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე გადატანილი იქნეს დნმ-ის კვალი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არცერთი კატეგორიის დანაშაულებრივ ქმედებაში ბრალი არ მიუძღვის. სახელმწიფო ბრალდებას ურჩევნია მეორე დნმ-ის პატრონი იპოვოს, რომელიც შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი იყოს“,- აღნიშნა ჯოგლიძემ.
ადვოკატის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ ყურადღება მიაქციოს ბრალდების მოწმის, დამლაგებლის გარდაცვალების ფაქტს, ჯოგლიძე ვარაუდობს, რომ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შეიძლება უფრო ჩაღრმავება დასჭირდეს.
„სახელმწიფო ბრალდებას ერთ-ერთი ძირითადი მოწმე ჰყავს – დამლაგებელი, რომელიც უეცრად გარდაიცვალა. დასკვნა დადეს, რომ ის ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა სოფელს ეს არ სჯერა, რადგან გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე იდეალურ ხასიათზე იმყოფებოდა და წინა დღის ნაქეიფარიც იყო. მართალია, სამედიცინო დასკვნა არსებობს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ამ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შეიძლება უფრო ჩაღრმავება დასჭირდეს“,- აღნიშნა ჯოგლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები