თამაზ მეჭიაური: “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის უთანხმოება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ,,მრეწველებსა” და ,,რესპუბლიკელებს” შორის უთანხმოება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მეჭიაურის თქმით, გამოსავალი არის ის, რომ კენჭი ყველამ დამოუკიდებლად იყაროს.
“არ მინდა ვინმეს ბრალეულობის საკითხი განვიხილო, უბრალოდ ვიძახი, რომ არცერთი მხარე არ არის მართალი, რადგან ერთმა მხარემ მიაყენა შეურაცხყოფა მეორე მხარეს. ეს მეტი დოზით ვინ გააკეთა, ცალკე სასაუბრო თემაა. არის ერთი გამოსავალი. ყველამ იყაროს კენჭი დამოუკიდებლად. ვისაც ერთმანეთის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება არ შეუძლია, მერე ერთად დაწყვილდნენ და მშვიდობაში მოიხმარონ ის მანდატები, რომელსაც მოსახლეობა მისცემს. ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ, პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე, მერე თავს იჩენს შეუთავსებლობა, რაც აზიანებს არა მხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გოგი თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია, რასაც დეპუტატებს შორის გუშინ დაპირისპირება მოჰყვა.