დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს
თურქეთის დედაქალაქში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ძალიან მძიმეა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი.
ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, თითოეული ტერორისტული აქტი კი არამარტო რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ტერორისტული აქტი ანკარის ცენტრში 17 თებერვალს, საღამოს მოხდა. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაიჭრა. აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებლის სიახლოვეს მოხდა, დაღუპულთა შორის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან.