გიორგი მარგველაშვილი ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ქალაქ ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ ღამით თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 61 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებელთან მოხდა. მომხდარის გამო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო. ასევე გადაიდო პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტი ბრიუსელში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები