ყაზახეთი ბათუმის პორტისა და ბათუმის „ნავთობტერმინალის“ აქტივიდან გასვლას არ აპირებს

„ყაზახეთი ბათუმის პორტისა და ბათუმის „ნავთობტერმინალის“ აქტივიდან გასვლას არ აპირებს“,- ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა ბაკიტჟან საგინტაევმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
საგინტაევის თქმით, ეს საკითხი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენი აქტივები იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან. თქვენ იცით, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ მიმართებაში სადავო სიტუაციაა, დაახლოებით 6-7 წელია არ ვმართავთ ამ აქტივს, იქ არის სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი, ეს სიტუაცია წლებია გრძელდება და ჩვენ არ გვაქვს წვდომა საკუთარ აქტივებთან, რომელშიც 142 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული. შესაბამისად, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს აქტივი იქნება დაცული, ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ, ბატონმა ვიცე-პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ აქტივს სრულად დაიცავს, რომ მათ სხვა განზრახვა არ აქვთ და ქართულ მხარეს სურს, რომ ყაზახეთი დარჩეს ინვესტორად აღნიშნულ ბიზნესში“,- განაცხადა ბაკიტჟან საგინტაევმა.
ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოში 16 თებერვალს ჩამოვიდა. ბაკიტჟან საგინტაევმა დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი, ბათუმის პორტი და ბათუმის „ნავთობტერმინალი“ მოინახულა და ორმხრივი შეხვედრები გამართეს. ყაზახეთის დელეგაცია თბილისიდან 17 თებერვალს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები