საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 26 მაისამდე გაგრძელდა
საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით, 26 მაისამდე გააგრძელა. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის 212-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 31-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას საფრანგეთის სენატმა დაუჭირა მხარი. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გასული წლის 13 ნოემბერის ტერორისტული აქტების შემდეგ გამოცხადდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. საფრანგეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ახალი ტერაქტების საშიშროება კვლავ საკმაოდ მაღალია.