პრემიერი: მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში უნდა გაიმიჯნოს
ვფიქრობ, მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში უნდა გამიჯნოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, ყველაზე ცოტა, იუსტიციის მინისტრის და მისი “მეგობარი” პრემიერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.
“ვფიქრობ, რომ მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამიჯნული ამ ქვეყანაში. მე ვარ ამის მომხრე და ამ საკითხზე არ მგონია, რომ კიდევ დამატებითი განმარტებები უნდა ვაკეთო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. ლევან გაჩიჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას. გაჩეჩილაძის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება “ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და მისი “მეგობრის” – პრემიერ-მინისტრის გარეშე” არ იქნებოდა მიღებული.