მაია ბითაძემ აშშ-ში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ქ. ლივერმორში (კალიფორნიის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) გამართულ მინისტერიალში.
მინისტერიალი აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ტრანსსასაზღვრო ბირთვული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გამართულ დისკუსიაში. დისკუსიისას გამოთქმული შეხედულებები და ინიციატივები მხედველობაში იქნება მიღებული ბირთვული დაცულობის 2016 წლის ვაშინგტონის სამიტის მიმდინარეობისას (31 მარტი – 1 აპრილი).
მაია ბითაძეს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა მოსაზრებები ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებთან გასამკლავებლად ეროვნულ დონეზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და მიეღო ინფორმაცია არსებული საუკეთესო გამოცდილების შესახებ.
მაია ბითაძე, გაეცნო ლორენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში (Lawrence Livermore National Laboratory) რადიაციის აღმოჩენის/ძებნისა და ბირთვული ექსპერტიზის განსახორციელებლად არსებულ ტექნოლოგიებს, ასევე, ატმოსფერული გამოთავისუფლების ეროვნული საკონსულტაციო ცენტრის (National Atmospheric Release Advisory Center) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მინისტერიალში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვულ ტერორიზმთან საბრძოლველად არსებული ეროვნული მექანიზმების გასაუმჯობესებლად. ქ. ლივერმორში გამართული მინისტერიალი საუკეთესო პლატფორმა იყო, ასევე, ქვეყანაში ბირთვული ექსპერტიზის შესაძლებლობების შექმნისათვის აუცილებელი რესურსების მოსაძიებლად და ამ სფეროში საერთაშორისო, რეგიონული თუ ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები