გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად ნიკოლოზ გურაბანიძე დასახელდა.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა, ძველი უბნებისთვის იერსახის შენარჩუნების მიზნით, კონკურსის პირობებში შესაფერისი აბრების დიზაინის მოთხოვნა იყო გათვალისწინებული.
კონკურსის ჩატარების აუცილებლობა დედაქალაქში ამ მიმართულებით არსებულმა გარკვეული სახის პრობლემებმა გამოიწვია.
დეპუტატის თქმით, ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაა დამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი არაერთი ბეჭდური შეცდომაა დაშვებული.
,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის მოგვარების, კერძოდ, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შემუშავების თაობაზე. საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას, რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისმა ისტორიული ფასეულობების გათვალისწინებით, ევროპულ ქალაქებში ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს უნდა უპასუხოს’’,-აღნიშნა ლია ჯახველაძემ.
კომისიის ინიციატივით, დედაქალაქისა და ასევე საკრებულოს არსებობის ისტორიაში დიზაინის შესარჩევი კონკურსი პირველად გამოცხადდა და შემოსული განცხადებების გადარჩევის საფუძველზე შერჩეული 6 კონკურსანტის ესკიზებიდან გამარჯვებულად ნიკოლოზ გურაბანიძის ნამუშევარი დასახელდა.
ლია ჯახველაძის განცხადებით, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის კონკურსი 2015 წლის 6 ივლისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები