საგარეო უწყება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რუკაზე დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “აღიარებაზე” კომენტარს აკეთებს
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებას აკეთებენ.
როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მათ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლობასთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნული რუკა ღია ფორუმზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა და ის ორგანიზაციის პოზიციად არ უნდა ჩაითვალოს.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია მოვახდინეთ რეაგირება, ჩვენ დავუკავშირდით “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” წარმომადგენლობას, მათ უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ მოცემული რუკა არ არის არც ორგანიზაციის ვებგვერდზე და არც ამ ორგანიზაციის ქვემდებარე რომელიმე სხვა ინტერნეტგვერდზე. აღნიშნული რუკა გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ორგანიზაციის საჯარო ფორუმზე. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფორუმზე განთავსებული ინფორმაცია და კერძო მომხმარებლის კომენტარი არ წარმოადგენს ორგანიზაციის პოზიციას“, – განუცხადეს “კვირას“ საგარეო უწყებაში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა გაავრცელა.