დავით უსუფაშვილი: მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა
მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მსჯელობა მალე გაიმართება.
“მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და ყველას მოგიწოდოთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე. ვიცი, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, ჩართულები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. ჩვენ გვექნება სწორედ სხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები – როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად გაიფორმონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია ფაქტობრივად ფლობენ, მაგრამ, იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო, სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას, განკარგვას სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სახის დანიშნულებისთვის. ასე,რომ ამ საკითხებზე პარლამენტში მალე გვექნება მსჯელობა მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად და არა პირიქით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.