რუსეთი უკრაინას ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვით იმუქრება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ყველა სახის ტრანსპორტისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალოს.
რუსეთის პრემიერის თქმით, ეს მოსკოვის მხრიდან უკრაინის ტერიტორიით რუსული სატვირთო ავტომობილებისთვის ტრანზიტის აკრძალვისთვის საპასუხო ნაბიჯი იქნება. მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ კიევი ამ აკრძალვას უახლოეს მომავალში გააუქმებს და აღნიშნა, რომ „ამის ატანა შეუძლებელია“.
მანამდე უკრაინის მთავრობის მიერ რუსული სატვირთო მანქანებისთვის აკრძალვაზე კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვმა ფაქტს „განუკითხაობა“ უწოდა.
რუსული სატვირთო ავტომობილებისთვის ტრანზიტის შეჩერების გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ 15 თებერვალს მიიღო. კიევში ამას მოსკოვის მიერ უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვაზე საპასუხო ზომები უწოდეს. მანამდე უკრაინელი აქტივისტები ქვეყნის გავლით ბელორუსიაში მიმავალ რუსულ ავტომანქანებს არ ატარებდნენ.
„როსტრანსნადზორის“ ინფორმაციით, ამ უწყებამ რუსეთის ტერიტორიაზე 152 უკრაინული სატვირთო ავტომობილი დააკავა, რომლებიც სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. მოსკოვი ამას უკრაინაში რუსული ავტომანქანების დაკავებაზე საპასუხო ზომებს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები