მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძეს “მაესტროს” რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს

მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის ინფორმაციით, თუკი იქნება დამაკმაყოფილებელი რეაბილიტაციის გეგმა წარმოდგენილი, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე.
გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ თუკი გაჩეჩილაძეები სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანს სურს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში არასამთავრობოები და ექსპერტები ჩაერთონ.
“რეაბილიტაციის გეგმისთვის გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა აუცილებელი არ არის. ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და არ არის საჭირო, დაველოდოთ. წარმოადგინონ გეგმა, უნდა გამოირიცხოს ეჭვი, რომ ვინმეს განზრახ სურს “მაესტრო” გაკოტრებულად გამოცხადდეს”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
ადვოკატმა “მაესტროს” ჟურნალისტებსაც შესთავაზა, სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორები გახდნენ, იქცნენ მხარედ და სასამართლოში მიმდინარე პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ. გვენეტაძემ განმარტა, რომ თუკი გაჩეჩილაძეები და “მაესტროს” ჟურნალისტები მის შეთავაზებას მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს უახლოეს ხანში, რადგან 19 თებერვალს უკვე კრედიტორთა კრებაა დანიშნული.
“იმედი გვაქვს, რომ გაჩეჩილაძეები აღნიშნულს გამოეხმაურებიან”, – აღნიშნა გვენეტაძემ და განმარტა, რომ მაკა ასათიანის მხარე რჩება პოზიციაზე, რომლის მიხედვით “მაესტროს” 30%-იანი წილის მფლობელი რეალურად, “იმედის” მენეჯერი ირაკლი რუხაძეა. ადვოკატის თქმით, ამ მიმართულებით მაკა ასათიანის მხარე კონკურენციის სააგენტოს მიმართავს მოთხოვნით, რომ დაფიქსირდეს, არის თუ არა “იმედის” მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან “მაესტროში” 30%. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, როგორც გვენეტაძემ განმარტა, სამომავლოდ, სამართლებრივ პროცესებს დაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები