„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“პრესკლუბში ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
ამის მიზეზი, ახვლედიანის განმარტებით, შეიძლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების დატოვება გახდეს. რაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში დღეს მოქმედ საარჩევნო სისტემას უსამართლოდ მიიჩნევს ევროსაბჭოც, ეუთოც, ვენეციის კომისიაც, ოდირიც და არჩევნების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მხოლოდ იმიტომ დატოვა ძალაში რომ ამ სისტემის მეშვეობით ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. არ გაითვალისწინა არცერთი რეკომენდაცია, მათ შორის არც ვენეციის კომისიის, არც ეუთოს,არც ევროსაბჭოსი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, გადადით სამხარეო სისტემაზე“,- აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
ინტერპარტიული ჯგუფი ვენეციის კომისის წევრებთან შეხვედრას გეგმავს. ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართული საარჩევნო სისტემა საერთაშორისო ცივილიზებულ საარჩევნო სისტემებთან მაქსიმალურად ჰარმონიული იყოს.
„ვენეციის კომისია მწვავე შეფასებას გააკეთებს და ხელისუფლებამ, მე მგონია, რომ ამას ანგარიში უნდა გაუწიოს. თუ ეს სისტემა, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები დარჩა, რომელსაც უსამართლოდ მიიჩნევს ევროსაბჭოც, ეუთოც, ვენეციის კომისიაც, ოდირიც…. ასეთ შეთხვევაში მაღალია ალბათობა იმისა, 2016 არჩევნებს ეუთოს სტანდარტებთან შეუსაბამო დაერქვას, რაც არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემას დააყენებს. ქვეყნის უმრავლესობა თვლის, რომ ეს სისტემა არის აბსოლუტურად უსამართლო და თუ ამას საერთაშორისო დელეგიტიმაცია დაემატა, მაშინ ჩვენ ძალიან მწავავე და საშიშ ეტაპზე გადავალთ და რევოლუციური განვითარების ახალ წრეზე წავალთ“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები