ოთარ დანელია: საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად უნდა ვაქციოთ

საქართველო უნდა ვაქციოთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად, ამის სრული შესაძლებლობები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საკოორდინაციო საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
დანელიას თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში ძალიან დიდი მიღწევებია და ეს მიღწევები ვერ იქნებოდა, რომ არა დონორი ორგანიზაციების, მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნების თანადგომა.
“უნდა იყოს დაფიქსირებული მოთხოვნები, რომ შემდეგ დონორებისგან მივიღოთ წინადადებები. შესაძლოა, რომელიმე დონორი ინიციატივას უკეთებდეს ამა თუ იმ პროექტს, მაგრამ ის არ ჯდებოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვასა და სტრატეგიაში, ამიტომ ორივე მხარისთვის მსგავსი შეხვედრა და საკოორდინაციო საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ხედვა.
საქართველო უნდა ვაქციოთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად. ამის სრული შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა დღევანდელი სტატისტიკა ამ სურათს ნამდვილად არ იძლევა, ვინაიდან ბევრი პროდუქტის იმპორტი ხდება ქვეყანაში, ეს ძალიან სამწუხაროა და ასე არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ თვითუზრუნველყოფადი ქვეყანა. ამის სრული რესურსი გვაქვს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
კითხვაზე, თუ რომელი პროდუქტის ექსპორტზე შეიძლება იყოს საუბარი, მინისტრის თქმით, ეს შეიძლება იყოს თხილი, თაფლი, ღვინო და ა.შ. ოთარ დანელიას მტკიცებით, დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ კონტრიბუცია და შემოთავაზებები სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ცნობისთვის, სასტუმრო “ჰუალინგ თბილისში” დონორთა საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები