გიგა ბუკიამ ე.წ. ფარული პატრულირების ინიციატივის შესახებ განმარტება გააკეთა

„კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ე.წ. ფარული პატრულირების შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის განმარტებით, საჯარო სივრცეში მანქანით გადაადგილებისას დაკვირვება და გადაღება ფარული ჩანაწერი არ არის და ინიციატივა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.
ინიციატივის მიხედვით პატრულირებას მოახდენს პოლიციის მანქანა, რომელიც საინდენტიფიკაციო ნიშნებითა და პოლიციის ციმციმათი არ იქნება აღჭურვილი, დააკვირდება, გადაიღებს და მოქალაქის მხრიდან ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში დააფიქსირებს მას.
„თვითონ სიტყვა „ფარული“ არასწორად არის ინტერპრეტირებული. ფარული ჩაწერაა, როდესაც ადამიანს ვინმე უთვალთვალებს და ფარულად უსმენს ან ფარულად უღებს მას. აქ საუბარია, რომ საჯარო სივრცეში იმოძრავებს ტრანსპორტი, რომელიც ჩაწერას განახორციელებს. ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ახლაც მანქანიდან გადმოვწიოთ ხელი და მობილურით გადავიღოთ ვინმე. ამაში არაფერი ფარული არ არის, სანამ ადამიანი რაიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ჩაიდენს, მასთან არაფერი იდენტიფიკაციის საჭიროება არ დგება. ეს არ არის ფარული ჩაწერა, ეს ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულებრივ რეჟიმში და, მაგალითად, თუ ნაგავს აიღებს და გადააგდებს ვინმე ავტომანქანიდან, მას გადაიღებს ეს მანქანა და ადმინისტრაციული სასჯელი დოკუმენტურად დაფიქსირებული მიუვა მას. ფარული ჩანაწერია, როდესაც თქვენს კერძო საკუთრებაში, სახლში ოფისში ან სადმე ვინმესთან ყავას სვამდით, საუბრობდით და ამ დროს ვიღაც ფარულად გისმენთ და იწერს.
როდესაც თქვენ საჯარო სივრცეში მიდიხართ, ავტოტრანსპორტით გადაადგილდებით, ამ დროს ისედაც ჩვეულებრივად კონტროლდება მთელი პერიმეტრი, იგივე იქნება ესეც. აქ არანაირი საშიშროება არ არსებობს. უახლოეს დღეებში საკომიტეტო განხილვები შედგება და მოსახლეობას ექნება ინფორმაცია, თუ რა ტექნიკით და რა ფორმით განხორციელდება ეს ქმედება“,- აღნიშნა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები