ჯონ ნიკოლსონი: კარგად ვიცი, რამდენად აფასებენ მეკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთის ოპერაციებში
კარგად ვიცი, თუ რამდენად აფასებენ მეკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში – ამ სიტყვებით გაეცნო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მომავალი მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. კარგად ვიცი, თუ რამდენად აფასებენ მეკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. მოუთმენლად ველი ქართველ სამხედროებთან შეხვედრას და მათ მხარდამხარ მსახურს,“ -განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა.
კოალიციური ძალების მომავალი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა წარუდგინა.
ამერიკელ გენერლებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გამახვილეს მიმდინარე წელს საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ ორ სწავლებაზე – „ღირსეულ პარტნიორსა“ (“Noble Partner”) და „Agile Spirit 2016“-ზე.
როგორც გენერალ-ლეიტენანმა ჰოჯესმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა – „ბრედლი“ და „აბრამსი“ შემოვა. ამერიკელი გენერლის თქმით, ამით წინასწარ დადგინდება, თუ რა ვადაშია შესაძლებელი რუმინეთიდან საქართველოში მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლობის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც გაზაფხულზე იგეგმება და ფოთის პორტის შესაძლებლობებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით განხორციელდება..